სიახლეები - GoBatumi
12 სიმბოლური ადგილი ბათუმში საუკეთესო ფოტოების გადასაღებად

12 სიმბოლური ადგილი ბათუმში საუკეთესო ფოტოების გადასაღებად

ბათუმში ხართ და არ იცით სად გადაიღოთ ფოტოები? გვესმის. ზღვის, ტბის და მწვანე ბულვარის რამდენიმეკილომეტრიან მონაკვეთზე ბევრი ადგილია, სადაც საუკეთესო კადრები გამოდის, არადა, ფოტოები, რომელიც აჩვენებს, რომ არამხოლოდ კარგად გამოიყურებით, არამედ ბათუმში სეირნობთ, საჭიროა. ამიტომაც გაჩვენებთ ადგილებს, სადაც ისე გადაღება შეიძლება, ასობით, ათასობით მოწონება რომ ექნება ფეისბუქსა და ინსტაგრამზე თქვენს ფოტოებს.

ფოტო კუპატასთან

კუპატა მსოფლიოში ცნობილი ძაღლია ბათუმიდან. თეთრი, შავყურა ძაღლი ცენტრალური პარკის შესასვლელთან, მელიქიშვილის ქუჩის ზებრაზე აცილებს ბავშვებს და ყეფით აჩერებს ავტომობილებს, ბავშვები რომ უსაფრთხოდ გადაიყვანოს. კუპატა ყველამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ვიდეოკადრები გადაიღეს და გაავრცელეს, სადაც ჩანს როგორ მიაცილებს ის პატარებს. ცოტა ხნის წინ კი კუპატა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, შენობის კედელზე დახატეს.

ამ ადგილას შესანიშნავი ფოტო გამოდის, შეგიძლიათ სელფიც სცადოთ. ჩანს კუპატა კედელზე და აბაშიძის ქუჩა. მას შემდეგ რაც აქ გადაიღებთ, დიდი ალბათობით ნამდვილი კუპატაც შეგხვდებათ და დამატებით, მასთანაც შეგიძლიათ ფოტოს გადაღება.

ბათუმის დელფინარიუმი

სელფი წყლიდან ჰაერში „აფრენილი“ დელფინის ფონზე თქვენს ფოტოგალერეაში საპატიო ადგილს დაიჭერს. გირჩევთ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ, ეწვიეთ ბათუმის დელფინარიუმს, შოუს დაესწარით და აუცილებლად გადაიღეთ ფოტოები.

მფრინავი ქალის ძეგლი

კიდევ ერთი კარგი ადგილი ფოტოს გადასაღებად ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელია, მფრინავი ქალის ძეგლთან.

ბათუმში ამბობენ, რომ ეს ფადიკო გოგიტიძის ძეგლია, პირველი მფრინავი ქალის აჭარიდან, რომელიც ბათუმში, საცდელი ფრენისას, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე დაიღუპა 24 წლის ასაკში. ბათუმში მისი სახელობის ქუჩაცაა.

ნამდვილად იმსახურებს პირველი მფრინავი ქალის ქანდაკება, ყველა იღებდეს მასთან თითო ფოტოს კარგ ამინდში, როცა ეს ქათქათა გამოსახულება ძალიან კარგად ჩანს ფოტოებზე ლურჯი ცის ფონზე.

ევროპის მოედანი

შეუძლებელია ბათუმში იყო და არ გადაიღო ფოტო ევროპის მოედნის ფონზე.

აქ სულ ჟრიამულია, ბავშვები ველოსიპედებით, სკეიტით დაქრიან, შადრევანში წუწაობენ, უფროსები იქვე ისვენებენ, აქვეა #1 აფთიაქის ძველი შენობა, მაკდონალდსი და მედეას ძეგლი. წარსულში მარიას, ახლა კი მემედ აბაშიძის გამზირი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ავთენტურად შემორჩენილი ქუჩაა ბათუმში.

ალი და ნინო

შერიგებები, დაშორებები, შეხვედრები და შორს წასვლები... ალი და ნინოს ქანდაკება ისეთივეა, როგორიც სიყვარული - ამ ყველაფრისგან შედგება.

ქართველი მოქანდაკის, თამარ კვესიტაძის მობილური ქანდაკება ბულვარისა და პორტის სიახლოვეს დგას. ალი და ნინო აზერბაიჯანელი ავტორის, ყურბან საიდის ამავე სახელწოდების რომანის პერსონაჟები არიან: ნაწარმოებში აზერბაიჯანელი-მუსლიმი ალი ხან შირვანშირისა და ქართველი ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი, მოქმედება კი პირველი მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება კავკასიასა და ირანში.

ფოტო ამ ადგილას თქვენს მეგობრებს აჩვენებს, რომ ბათუმში ისვენებთ, ხოლო თუ შეყვარებული ხართ, ალის და ნინოს ფონზე გადაღებული კადრი გზავნილიც შეიძლება იყოს, გააჩნია, როგორ გადაიღებთ წყვილს, ერთად თუ დაშორების მომენტში.

დ’ალფონსის ძეგლი

ძველ ბულვარში, საპატიო ადგილზე, მწვანეში ჩაფლულ ადგილას ცილინდრიანი და ტროსტიანი კაცის ქანდაკება დგას, უფრო სწორად ზის და გვერდით, მრგვალ მაგიდასთან მეორე ადამიანისთვისაცაა ადგილი, გეგონებათ, ფოტოსთისაა გამზადებული.

ეს კაცი მიხეილ დ’ალფონსია, ცნობილი ფრანგი მებაღე, რომლის წვლილიც ბათუმის ბულვარის განაშენიანებაში ფასდაუდებელია. ერთ დროს გაუვალი ზღვისპირეთი დ’ალფონსმა წალკოტად აქცია, ჩამოიტანა უამრავი ეგზოტიკრი მცენარე, ქალაქს მებაღის სახელი დღემდე ახსოვს.

კოლონადები

ბულვარის თეთრი კოლონადები ქალაქის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. კოლონადების პროექტი 1930 წელს, მაქსიმ გორკის დახმარებით ჩამოუტანია იტალიიდან  ბათუმელ ექიმ ივანე მჭედლიძეს, სამშენებლო სამუშაოებს კი აწარმოებდა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი ბოგდან კირაკოსიანი.

კოლონადა აიგო 1934 წელს, რაზეც იქვე გაკეთებული მოზაიკური წარწერა მიგვნიშნებს. აქედან მოჩანს მწყობრ, თანაბრად განაშენიანებულ სიმწვანეში ჩაფლული ზღვის ხედი და იდეალური ადგილია ფოტოების გადასაღებად, არსებობს უამრავი ძველი ფოტოც, ბულვარის კოლონადებთან გადაღებული. არც თქვენ გამოტოვოთ ეს ადგილი - თეთრი კოლონადები, პალმა, ცისა და ზღვის შეხვედრა ჰორიზონტზე და თქვენ ამ ყველაფრის ფონზე!

სთრითარტი ბათუმის უნივერსიტეტის კედელზე

ბათუმში ყოფნისას ჩვენი შეხსენების გარეშეც გადაიღებთ ალბათ ფოტოებს ზღვის პირას, მაგრამ ზღვაში გადაღება შეიძლება გაგიჭირდეთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნაკლები შანსია წყალგამძლე სმარტფონი გქონდეთ.

გთავაზობთ, რუსთაველის ქუჩაზე, უნივერსიტეტის უზარმაზარ კედელზე დახატულ ამ გოგოსთან ერთად გადაიღოთ მშვენიერი კადრები.

ბათუმში გადაღებული ფოტოები რომ შეისწავლოს ვინმემ, ეს ადგილი აუცილებლად მოხვდება ათეულში.

ძველი კარი ბათუმის ძველ უბანში

ეს ტიპური, ბათუმური სახლის ძველი კარია ისტორიული უბნიდან. ასეთებს მხოლოდ ქალაქის ძველ ნაწილში შეხვდებით და სელფის გადასაღებად ძალიან კარგი ადგილია. რა თქმა უნდა, ბათუმში რომ არის გადაღებული, აუცილებლად მონიშნეთ.

„რვაფეხა"

ბათუმის ბულვარში კაფე „ფანტაზია“, რომელსაც „რვაფეხასაც“ ეძახიან,  გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დგას. ზღვის სამყაროს ამსახეველი, მოზაიკით მოპირკეთებული ფერადი ნაგებობა არქიტექტორ გიორგი ჩახავასა და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

„რვაფეხა" ბრძოლის შედეგად გადარჩენილი ბათუმის სავიზიტო ბარათია. 2014 წელს კაფე „ფანტაზიას" დანგრევას უპირებდნენ, სასტუმრო ჰილტონს მის ნაცვლად ორი აუზი უნდა მოეწყო. ბათუმელი აქტივისტებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცველების აქტიურობის შედეგია, რომ ბათუმის ბულვარში ეს ზღაპრული შენობა ისევ დგას. აქ საღამოობით შადრევნებიც ირთვება და ზუსტად ისევე მოგართმევენ სამფეხა, მოვერცხლილი სანაყინით ნაყინს, როგორც ბავშვობაში, 20, 25 წლის წინ. როგორ შეიძლება ,,რვაფეხასთან" ერთი ფოტო არ გქონდეთ?

„მე შენ მიყვარხარ"

ვინმეს თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად მიემართება ეს სიტყვები, არ დაახანოთ და გაეშურეთ მაზნიაშვილის ქუჩის №13-ში სადაც კედელი დაგხვდებათ უამრავჯერ მიწერილი ფრაზით „მე შენ მიყვარხარ", თუ ასეთი არავინაა ირგვლივ ვისაც მსგავს ფოტოს გაუგზავნიდით, გირჩევთ მაინც გქონდეთ სადმე სმარტფონში მსგავსი კადრი, რა იცით როდის რა მოხდება.

დაისი ზღვაზე

ფოტო დაისის ფონზე თითქმის ყველა იმ ადამიანის ციფრულ ფოტოგალერეაშია, ვისაც ერთხელ მაინც დაუსვენია ზღვაზე. და რატომაც არა? ფოტო აჩვენებს, რომ ზღვაზე ისვენებთ, გარუჯული და ბედნიერი ხართ, ამ საღამოს მშვენიერი გეგმები გაქვთ, ახლა კი ზღვაზე მზის ჩასვლის ცქერით ტკბებით.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ისე დადგეთ, თითქოს მზე „ხელში გიჭირავთ“ :)

თეგები: