7 რამ, რაც აუცილებლად უნდა ნახო მტირალაზე

7 რამ, რაც აუცილებლად უნდა ნახო მტირალაზე

ეს ბლოგი მტირალას ეროვნულ პარკში შენი  პირველი ან  მომდევნო ვიზიტისთვის  მომზადდა. თუ გაწვიმდა, გაგიმართლა, იმიტომ რომ შენ საქართველოში ყველაზე უხვნალექიან და ტენიან  ადგილას ხარ.  მთაზე, რომელზეც ატმოსფერული ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ჰაერის ტენიანობა 80-85%-ს შეადგენს. ხშირია ნისლიც. აი, 7 რამ რასაც  1 დღეში  თავისუფლად მოასწრებ

მაგიური ჩანჩქერი და მდინარეების რბოლა

მტირალა მხოლოდ მთებისა და ტყეების კომბინაცია არ არის. ეს მთა-გორიანი ტერიტორია მდინარეებით არის  დაქსაქსული

7 კილომეტრის გავლა კი ნამდვილად ღირს წაბლნარის ჩანჩქერის სანახავად.  გზად ჯერ სიგრილე შეგეგებება, რაც  ტყის სიღრმეში ჩამალული  ჩანჩქერისკენ მიგაცილებს.  წყლის ნაკადი აქ 16 მეტრის სიმაღლიდან ეშვება

 

 

 

ტბა კალმახებით:

ვიწრო კლდეებიდან  გამომავალი  წყლის ნაკადი  ერთ ადგილას გროვდება და  მომაჯადოებელ ტბას  ქმნის  მდინარის კალმახებითა და სხვა ბინადრებით. თუ დაუკვირდები ნაპირებში მოხტუნავე კალმახებს აუცილებლად შენიშნავ

ვიწრო და გრძელი ბილიკები ველურ ტყეებში:

ტერიტორიის  უმეტეს  ფართობზე  წიფლის ტყეები დომინირებს.   შემდეგ მოდის თხმელა, წაბლი და კაკალი, რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი და თელა. 

ეს კოლხური ტყე   ბოლო გამყინვარების პერიოდს გადაურჩა და მას შემდეგ ზრდა არ შეუჩერებია.  აქ სულ მცირე 76 რელიქტური სახეობაა. მათგან 2 მარადმწვანე ბუჩქი უნგერნის შქერი (Rhododendron ungernii), ეპიგეა (Epigaea gaultheroides) და მედვედევის არყი (Betula medwedewii) მსოფლიოში მხოლოდ აჭარასა და თურქეთის მიმდებარე ტერიტორიებზე შეგხვდება.

ექსტრემალური ატრაქციონი

ზიპ-ლაინი  დღის საუკეთესო გაგრძელებაა. ხეებზე გაბმული  4 ნაწილიანი ბაგირის საერთო სიგრძე 220 მეტრია.  თუ გამოუცდელი ხარ, რა თქმა უნდა ინსტრუქტორები დაგეხმარებიან. გაიქროლე და ისიამოვნე


ადგილობრივების გამოგონება -  მექანიკური საბაგირო მდინარეზე

ვინაიდან საბაგიროს ძრავი არა აქვს, საჭე ხელით უნდა დაატრიალო და ასე გაიარო 15 მეტრი.  გზად შეჩერდები და ფოტოებსაც გადაიღებ.  ფასი: 2 ლარი

სადილი მდინარის პირას:

ერთადერთი დასახლება პარკის საზღვრებს შიგნით არის სოფელი ჩაქვისთავი, რომელიც პარკის შუაგულში მდებარეობს. (ლეგენდის თანახმად, ჩაქვისთავი ჩვენი წელთაღრიცხვით მე-7 -მე-8 საუკუნეებში დაარსდა).  სოფლის რესტორნებში ნატურალური  პროდუქტების ნამდვილ გემოს შეიგრძნობ

ფუტკრების შემოქმედება:

ადრე ჩაქვისთავში თურმე თამბაქო  იწარმოებოდა, რაც ფუტკრებზე ზემოქმედების გამო თაფლის წარმოებასთან შეუთავსებელი იყო.  სოფლის მოსახლეობამ თამბაქოს წარმოება შეაჩერა და მეფუტკრეობას მიჰყო ხელი. სწორედ, თაფლია მტირალას ეროვნული პარკისთვის ყველაზე დამახასიათებელი ადგილობრივი პროდუქტი. აქ შენიშნავ ფერად სკებსა  და მაღაზიებს. შეგიძლია შეიძინო წაბლის, აკაციის, მინდვრის ყვავილებისა და ციტრუსის თაფლი -  1კგ. 25 ლარად

უძველეს და უმრავალფეროვნეს ტყეს  ბათუმიდან 20 კილომეტრი გაშორებს. რას ელოდები? 

თეგები: