სიახლეები - GoBatumi
აჭარა გერმანიაში საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობდა

აჭარა გერმანიაში საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ფრანქფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IMEX 2018“ წარადგინა. საქმიანი ტურიზმის კუთხით მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინიტრაციასთან ერთად მონაწილეობდა.

გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რაც ურთიერთანამშრომლობასა და სამიზნე ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ფრანქფურტის გამოფენაში 5200-მდე საერთაშორისო სასტუმრო, ავიაკომპანია, ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაცია, ტურისტული სააგენტო და კონკრეტული ტურისტული მიმართულებების სარეკლამო კომპანია მონაწილეობს.

„ფრანქფურტის გამოფენაში წელს მეორედ მივიღეთ მონაწილეობა. ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად საკონვენციო ბიუროებთან, ტურიზმის სახელმწიფო ორგანოებთან და ორგანიზაციებთან. გერმანიაში აჭარის რეკლამას უკვე მეორე წელია ვანხორციელებთ და ბუნებრივია, მონაწილეობა მსგავს გამოფენებში, ახალი საქმიანი ურთიერთობები და სხვა სარეკლამო აქტივობები ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდას გერმანიაში. ამ ეტაპზე, აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები ტრიალებს დოიჩე ველეს ეთერით, რასაც გერმანიიდან აჭარაში პრეს და ინფოტურებიც დაემატება. შედეგად მივიღებთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის შესახებ მომზადებულ სიუჟეტებს. ჩვენი მიზანია, პოტენციური ტურისტებისა და საერთაშორისო ტუროპერატორების ინფორმირება ჩვენი ტურისტული პროდუქტების შესახებ. სატელივიზიო, ინტერნეტ და სხვა ტიპის კამპანიები, შეხვედრები წლის ბოლომდე გაგრძელდება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

თეგები: