სიახლეები - GoBatumi
აჭარის ტურისტული პოტენციალი ლვოვში ყურადღების ცენტრშია

აჭარის ტურისტული პოტენციალი ლვოვში ყურადღების ცენტრშია

აჭარის ტურისტული პოტენციალი ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი. გამოფენა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მიხეილ კოპლატაძემ ლვოვის მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. გამოფენის სტუმრებთან სიტყვით მიმართვისას კოპლატაძემ აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და ორქვეყანას შორის მეგობრობას გაუსვა ხაზი.

აჭარა ლვოვის საერთაშორისო გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდითაა წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორები გარდა რეგიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებისა საიმიჯო ვიდეოკლიპებსა და სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს ეცნობიან.

დღესვე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტურსააგენტოების, ავიაკომპანიის წარმომადგენლებისა და ვიზიტორებისთვის პრეზენტაცია გამართეს, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ ისაუბრეს. სტუმრების განსაკუთრებული ყურადღება აჭარის საზღვაო კურორტებთან ერთად სამზარეულომ და ღვინის ტურიზმმა მიიპყრო.

გამოფენის ფარგლებში ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ავიაკომპანიებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც აჭარის მიმართულებით ტურპაკეტების შემუშავებითა და ჩარტერული რეისების დანიშვნით არიან დაინტერესებულები.

გამოფენა 18 ოქტომბერს დაიწყო და 20 ოქტომბერს დასრულდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი წელს 20-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა.

თეგები: