ბილიკი ცაში – გზა, რომელიც ხიხანის ციხემდე მიდის

ბილიკი ცაში – გზა, რომელიც ხიხანის ციხემდე მიდის

მაღალმთიანი აჭარის გასაცნობად სხალთა-ხიხანის მარშრუტი იდეალური დანიშნულებაა მოგზაურებისთვის, ვისაც ფეხით სიარული და სახიფათო, ექსტრემალური გზების დაძლევა მოსწონს. ხიხანის ციხემდე მისასვლელი გზა საკმაოდ რთულია, თუმცა ამან არ უნდა შეგაშინოთ. ბათუმიდან XII-XIII საუკუნის ციხემდე 90 კილომეტრი სამანქანო გზის დაძლევა ნამდვილად ღირს. სანაცვლოდ გზად სამოთხეს გადიხართ: ამწვანებულ მთებზე შეფენილ ხისსახლებიან სოფლებს, გვირილების ვრცელ მდელოებს, მწყემსებსა და ვიწრო ბილიკებს, მთებში რომ იკარგება და უცნობი ადგილებისკენ გიხმობთ.

მარშრუტი ორდღიანია. პირველ დღეს მანქანით ხიხანის ციხესთან ახლოს, სოფელ ხიხაძირში დაბანაკდებით, კარავში ან საოჯახო სასტუმროში. მეორე დღეს კლდეზე აგებული ციხისკენ აიღებთ გეზს, რომელიც ზღვის დონიდან 2220 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

ბათუმიდან დაბა ხულოსკენ მანქანით მივდივართ, გზად ფურტიოს XII საუკუნის თაღოვანი ხიდი გვხვდება. აჭარაში არაერთი ასეთი ხიდია. ფურტიოდან სამანქანო გზა სამხრეთისკენ მიემართება და სხალთისწყლის ხეობაშიც შევდივართ. ფურტიოდან ათიოდე კილომეტრის შემდეგ სხალთის მონასტერი ჩნდება – შუა საუკუნეების არქიტექტურისა და მონუმენტური კედლის მხატვრობის ერთადერთი ნიმუში ხულოს მუნიციპალიტეტში.

სანამ ფურტიოს ხიდამდე მიხვალთ, გზად შეგიძლიათ ფურტიოს წყაროსთან შეისვენოთ, იქვე მდებარე კაფეში მიირთვათ გამამხნევებელი ყავა, ცივი სასმელები  ან ახალდაკრეფილი ხილი.

ზაფხულის ულამაზესი პეიზაჟების გარდა გზადაგზა გხვდებიან ადამიანები, რომლებიც აუცილებლად გამოგელაპარაკებიან და გკითხავენ, საით მიდიხართ და რის ნახვას აპირებთ. ბაბუა და პატარა ბიჭი ფურტიოს წყაროსთან შეგვხვდნენ, ბაბუა ყურადღებით გვაკვირდება, ბიჭი ბურთის თამაშს თავს ანებებს და ფოტოს გადაღებაზე გვთანხმდება.

სხალთისწყლის ხეობიდან ვარდციხის გადასახვევამდე 17 კილომეტრს გაივლით და სხვადასხვა მარშრუტის მიმანიშნებელ აბრებს მიადგებით.

მიუხედავად იმისა, რომ ხიხანის ციხემდე მიმავალი გზა კარგადაა მარკირებული, შესაძლოა მაინც დაგჭირდეთ ჰკითხოთ ადგილობრივებს სამად გაყოფილი გზიდან რომელს უნდა დაადგეთ. აქაურები არ დაგზარდებიან და ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნიან.

ბაკიბაკოს მცხოვრები ჩვენს დაძახილზე „ტრანგალეტს” აჩერებს და გულდასმით გვიხსნის, ხიხანის ციხემდე რომელი გზით უნდა წავიდეთ.

აჭარისწყლის ხეობის შემდეგ რაც უფრო მაღლა ადიხართ მთებში, მით უფრო გეხშობათ ყურები, გიხშირდებათ სუნთქვა. სხეული ალპურ ზონას ნელ-ნელა ეგუება, სადმე გრილ წყაროსაც გადააწყდებით და ცოტა ხანში ღრმად იწყებთ სუნთქვას. სხვა სინამდვილეში ხართ, სადაც არ არის ნაცრისფერი შენობები, ირგვლივ სიმწვანე ბატონობს და ალაგ-ალაგ მხოლოდ ხის კოხტა, მოვლილი სახლებია მიმოფანტული.

ბაკიბაკოსა და ხიხაძირში ბევრი სახლი დაკეტილია, თუმცა კარმიდამოებს, სადაც ცხოვრობენ, თვალის ერთი შევლებითაც ეტყობა, რომ აქ მშრომელი ადამიანები სახლობენ. ლობიოსა და კიტრის ნარგავებს წითელხელთათმანებიანი ბებო უვლის.


 

სოფელ ხიხაძირამდე მისვლა ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა შეისვენოთ და ღამის გასათევი ადგილი მოძებნოთ: საკარვე ადგილი შეარჩიოთ ან საოჯახო სასტუმროს მიაშუროთ. ჩასვლის დღესვე ციხეზე ასვლას არ გირჩევთ, ზღვის დონიდან 2220 მეტრზე, კლდეზე მდებარე ხიხანის ციხემდე ციცაბო ბილიკებით 2 საათი უნდა იაროთ, რაც სერიოზულ ფიზიკურ მომზადებას და დიდ ენერგიას მოითხოვს.

ხიხაძირში იაშა გაბაიძის საოჯახო სასტუმროში შეგიძლიათ დარჩეთ. ეს სასტუმრო მხოლოდ სასტუმრო არ არის, ხიხაძირელ წყვილს 5 შვილი ჰყავს და მათთან დარჩენით ხედებით ტკბობისა და ტრადიციული კერძების დაგემოვნების გარდა ადგილობრივთა ყოფა-ცხოვრებას ეცნობით. იაშა გაბაიძის საოჯახო სასტუმროში 30-40-კაციან ტურისტულ ჯგუფებსაც შეუძლიათ ერთდროულად უმასპინძლონ. ოჯახს გარდა ამ სახლისა, სხვა კოტეჯებიც აქვს სოფელში ტურისტების განსათავსებლად. ერთი ღამის გათევა აქ სამჯერადი კვებით 50 ლარი ღირს, კვების გარეშე – 15. საუზმედ, სადილად და ვახშმად აქ ეკოლოგიურად სუფთა, ადგილზევე მოყვანილი ხილ-ბოსტნეულით და ოჯახის რძის პროდუქტებით გაგიმასპინძლდებიან.

ამ საოჯახო სასტუმროში დრო შეჩერებულია. ფიცრულ სახლს ოჯახის მეპატრონე სპეციალურად არ ცვლის: ნამდვილი აჭარული სახლი ხის უნდა იყოს და სუნთქავდეს. გარემო სადა და უბრალოა, ისეთი, როგორიც სოფლის სახლი უნდა იყოს – მყუდრო და მშვიდი.

კარგად გამოძინებისა და დასვენების შემდეგ მეორე დილით ხიხაძირიდან შეგიძლიათ ციხისკენ მიმავალ ტყის ბილიკს დაადგეთ. მაღალი გამავლობის მანქანა ტყისპირამდე მიდის, მერე გზას ფეხით უნდა გაუყვეთ. როგორც ჩვენმა ნაბიჯმთვლელმა გამოიანგარიშა, ციხეზე ასვლა-ჩამოსასვლელად 18 000 ნაბიჯი უნდა გადადგათ, ეს დაახლოებით 6 კილომეტრია: 3, 50 კილომეტრი ტყეში, 2,50 კილომეტრი კი – ციცაბო ბილიკზე, რომელიც დანიშნულების ადგილამდე მიდის.

ციხეზე ასვლამდე შეგიძლიათ სხალთისწყლის ცივ ტალღებში გაიგრილოთ ფეხები.

 თუ მზის ქუდი და წყალი თან გაქვთ, ყველაფერი კარგადაა და შეგიძლიათ გზას გაუყვეთ. ნელ-ნელა საცალფეხო, მიხვეულ-მოხვეულ აღმართებს ფარავთ და ყოველი მოსახვევიდან სხალთისწყლის ხეობის ულამაზესი ხედები გეშლებათ თვალწინ. მთავარია, არ იჩქაროთ, ხშირ-ხშირად შეისვენოთ და თქვენს თვალსა და ყურს არაფერი გამოეპაროს.

კლდეებს ხასხასა, ალპური ყვავილები მოსდებია. ჰაერში იელის და როდოდენდრონის სუნი ტრიალებს. ღრმად სუნთქავთ, ოდნავ ბრუვდებით და გზას აგრძელებთ.

ხიხანის ციხის აგების ზუსტი თარიღი არავინ იცის, მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ხიხანის ციხე X-XIII საუკუნეში ააგეს. ადგილობრივი ლეგენდების მიხედვით, ციხის აგებას თამარ მეფეს მიაწერენ.

ხიხანის ციხე  აჭარის ერისთავთერისთავ აბუსერიძეთა მთავარი რეზიდენცია ყოფილა. შემდეგ მას ოსმალები დაეპატრონენ. 1815 წელს ხიხანის ციხეში ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლი სელიმ ხიმშიაშვილი იყო გამაგრებული. ციხე შიგნიდან გატყდა. სელიმი ოსმალებმა შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს. ვიწრო და დამღლელი ბილიკი, რომელსაც თქვენ მიუყვებით, ციხის მისადგომი ერთადერთი, უძველესი გზაა.

ბილიკის დასასრულს ხიხანის ციხის კოშკები და უზარმაზარი კომპლექსი ჩნდება, სადაც ოდესღაც მიუვალი ნაგებობა იდგა, ახლა კი მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.

 დაიღლებით. ბევრსაც იწუწუნებთ გზაში და შეიძლება იფიქროთ აქ რამ წამომიყვანაო, მაგრამ მარშრუტის დასასრულს თქვენი დაღლილობა ბაბუაწვერას ბუსუსებივით ერთი სულის შებერვით გაიფანტება. დაგრჩებათ ორდღიანი აქტიური დასვენების მხიარული მოგონებები და აკვიატებული ფიქრი ზაფხულის მომავალ დღეებზე: „რა იქნება შემდეგი?”

თეგები: