დაჩექინდი ცაში ანუ ბათუმის რესტორნები გამაოგნებელი ხედებით

დაჩექინდი ცაში ანუ ბათუმის რესტორნები გამაოგნებელი ხედებით

მაღალი შენობები ბათუმში ამ საუკუნის დასაწყისიდან გამოჩნდა. მათი უმრავლესობა სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსია მსოფლიო კლასის სერვისით, რესტორნებითა და ლაუნჯებით, საიდანაც ვრცელი პანორამული ხედები იშლება.  მნიშვნელობა არა აქვს პაემანს დაგეგმავ თუ საქმიან შეხვედრას.   მთავარია, ბათუმში ყოფნისას დასამახსოვრებელი ხედებით ტკბობის შანსი არ გაუშვა

360 სქაი ბარი და რესტორანი

მე-20 სართულიდან  ყველაზე კარგად ჩანს, რომ ბათუმი არასოდეს იძინებს. ამ რესტორნიდან  360 გრადუსიანი პანორამა იშლება. ალბათ არ არსებობს ადამიანი ვისთვისაც მთვარის შუქზე  ჭიქა ღვინო  განსაკუთრებულ შეგრძნებებთან არ ასოცირდება. ასე იქნება შენთვისაც. სადღაც ცისა და მიწის შუაში ვახშმის შთაბეჭდილება, რა დროც არ უნდა გავიდეს, უცვლელად დარჩება შენში.

მისამართი: სასტუმრო შერატონ ბათუმი -  რუსთაველის გამზირი #28.

სქაი ბარი “ნეფელე”

ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ნეფელე სტუმართმოყვარეობის ქალღმერთია. ეს არის ადგილი, რომელიც მოგზაურთა და ადგილობრივთა შორის თანაბრად პოპულარულია.  შენ აირჩიე -  ხედი მე-20 სართულიდან  ბულვარსა და ზღვაზე თუ პარკსა და ტბაზე?  ქართული, აზიური თუ ევროპული გემო?  იქნებ ზღვიდან მონაბერი თბილი ბრიზია საკმარისი?

მისამართი: სასტუმრო ჰილტონ ბათუმი - რუსთაველის გამზირი #40

ეიფორია  - კანუდოსი

მზის ჩასვლით გამოწვეული ეიფორია ეგზოტიკური კოქტეილის დაგემოვნებისას  ორმაგდება. მე-14 სართულიდან  უსაზღვრო სივრცე იშლება და ეს  ის ატმოსფეროა, მთელი წლის განმავლობაში მუშაობისგან დაღლილს ოცნებად რომ გექცევა ხოლმე. აქ სხვა სამყაროა - ყველანაირი საზრუნავისა და საფიქრალისგან დაცლილი.

მისამართი: სასტუმრო ეიფორია - ლეხ და მარია კაჩინსკების ქ. #1

ანბანის კოშკი

სად შეხვდები ამაზე უკეთეს  ადგილს  მდებარეობით, დიზაინით თუ იდეით? საოცრებათა პარკში  უძველესი ქართული ანბანის ძეგლი  და  თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობა სფეროსებრი, მბრუნავი რესტორნით,  ფოტოსესიისთვის  შესანიშნავი განათებითა და  აზიურ-ევროპული სამზარეულოთი.   ჰო, მთავარი არ გამომრჩეს  - კოშკის მწვერვალზე, 130 მეტრი  სიმაღლიდან თვალი ყველაფერს ამჩნევს: მთებს, შავი ზღვასა  და ურბანულ სივრცეს.

მისამართი:  საოცრებათა პარკი  

ლოფტი

ნიავი, სიმყუდროვე, სუფთა ჰაერი და ჰორიზონტი შენს თვალწინ - საუზმე  აქ დილის მედიტაციის ტოლფასია.  პოზიტიური ენერგია ხომ არასოდეს არის ზედმეტი, მითუმეტეს დღის ასე შთამაგონებლად დაწყება.

მისამართი: სასტუმრო ბათუმი  ვორლდ პალასი - ა. მელაშვილის 1/3

ადმირალის ტერასა

ამ ტერასაზე მისვლა, პირველ რიგში,  მისი განსაკუთრებული მდებარეობის გამო ღირს. ეს ხედი  კლასიკაა, რომელიც შენს მეხსიერებას მუზეუმში ნანახი ხელოვნების ნიმუშივით დარჩება. ზღვის სუნი და გარემოს ბრიტანული შარმი კი  აქ კიდევ ერთხელ აუცილებლად დაგაბრუნებს.  

მისამართი: სასტუმრო ადმირალი - გოგებაშვილის ქ. #20

არგო 

თუ კიდევ უფრო განსხვავებულ სივრცეს ეძებ, ჩაჯექი გონდოლაში და დაადექი საბაგირო გზას, რომელიც ბათუმსა და ანურიას  მთას აკავშირებს ერთმანეთთან.  2, 586 მეტრი სიგრძის საბაგირო გზის გავლის შემდეგ ზღვის დონიდან 250 მეტრზე აღმოჩნდები. როცა შენი საყვარელი ქალაქის ურბანული ფორმებით ხარ  შთაგონებული,  სულ ერთია რას შეუკვეთავ

მისამართი: საბაგირო არგო - გოგებაშვილის ქ.

ბარი და რესტორანი “ღრუბლები”

მე-19 სართულიდან  ხელისგულზე გადაშლილი ბათუმი  წელიწადის ნებისმიერ დროსა და დღის ნებისმიერ მონაკვეთში აღგაფრთოვანებს. ეს არის განტვირთვა ღრუბლებში. საინტერესოა,  როგორია ეს შენს წარმოსახვაში? აი, რეალურად კი გაცილებით რომანტიული.  რა უნდა გააკეთო ამისთვის?  რედისონ ბლუ ბათუმის ლიფტში თითი უნდა მიაჭირო ღილაკს ნომრით 19

მისამართი: სასტუმრო რესიდონ ბლუ ბათუმი - ნინოშვილის ქ. #1

ბესთ ვესთერნ პლუსი

არსებობს ადგილები, რომლებიც ბათუმში ყოფნისას ერთხელ მაინც უნდა ნახო. ასეთია სასტუმრო  ბესთ ვესთერნ პლუსის ვერანდა.  პირველი შთაბეჭდილება არ დააყოვნებს და ნანახი  გონებაში დაგრჩება, როგორც  თბილი, ნათელი, მყუდრო  და დახვეწილი ადგილი  ბათუმში

მისამართი: სასტუმრო ბესთ ვესთერნ პლუსი - შ. ხიმშიაშვილის ქ. #92

არ დატოვო ბათუმი ამ შეგრძნებების გარეშე, მიუხედავად იმისა აქ ყოფნისას სად იცხოვრებ.  და არ დაგავიწყდეს შთაბეჭდილებების გაზიარება ფეისბუქსა და ინსტაგრამზე @visitbatumi - მოგზაურობით გამოწვეული ემოციები ხომ გადამდებია.

თეგები: