სიახლეები - GoBatumi
აღმოაჩინე სხვა აჭარა

აღმოაჩინე სხვა აჭარა

თუკი აჭარაში სტუმრობისას მხოლოდ ზღვაზე დასვენებით შემოიფარგლებით მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. ოთხი სეზონის აჭარა თქვენთვის აღმოჩენა იქნება, რადგან წლების მანძილზე საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე ტურისტებისთვის მხოლოდ ზღვაზე დასვენებასთან ასოცირდებოდა. ბევრმა თქვენგანმა კი ალბათ არც კი იცის, რომ აჭარა საზღვაო კურორტებთან ერთად ზაფხულისა და ზამთრის  მთიანი კურორტებით, ულამაზესი ბუნებითა და ეროვნული პარკებით მდიდარი კუთხეა. ჩვენი სტატია კი ახალი აღმოჩენების გაკეთებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. 

კურორტები

აჭარა, რომ საზღვაო კურორტებით გამორჩეული რეგიონია სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა რეგიონის მაღალმთიანეთში მდებარე ორი უნიკალური საზაფხულო-საზამთრო კურორტი ბევრისთვის აღმოჩენა შეიძლება იყოს. კურორტი ბეშუმი და გოდერძი ხულოს რაიონში ზღვის დონიდან 2000-2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და საუკეთესო დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს ტურისტებისთვის. კურორტებზე ალპური და წიწვოვანი მცენარეების საუკეთესო კომბინაცია დასვენებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის და ის ტურისტებისთვის საუკეთესო საპიკინიკე და საკარვე ადგილია, სადაც საფეხმავლო, საცხენოსნო და სათავგადასავლო ტურების განხორციელებაა შესაძლებელი. ბეშუმისგან განსხვავებით კურორტი გოდერძი თავისი სათხილამური ტრასებით ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი ზამთარშია. გვიანი შემოდგომიდან აპრილის ბოლომდე კურორტზე არსებული მაღალი თოვლის საფარი თქვენს ზამთრის არდადეგებს სპორტულად აქტიურს გახდის. 

ეკოტურიზმი

ეკოტურიზმის მოყვარულთათვის აჭარაში მდებარე 4 უნიკალური დაცული ტერიტორია სწორედ რომ აღმოჩენაა. მტირალას, კინტრიშის, მაჭახელას ეროვნული პარკები და ისპანის ჭაობი თავისი ბიომრავალფეროვნებითა და ხელუხლებელი ბუნებრივი სიმდიდრეებით საოცარ გარემოს ქმნის თაგადასავლების მოყვარულთათვის. დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას ადგილობრივი კერძების დაგემოვნების, ფოლკლორის მოსმენისა და ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულების საშუალება კი დამატებითი სიამოვნებაა იმათთვის, ვინც წარუშლელი შთაბეჭდილებებისა და დადებითი ემოციების ძიებაშია. 

ხიხანის  ხეობა

ულამაზესი ხიხანის ხეობა თავგადასავლების, ლაშქრობის, გასტრონომიული და კულტურული ღირშესანიშნაოებების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. ზღვის დონიდან 1180 მეტრ სიმაღლეზე გაფანტული ტრადიციული აჭარული სახლები, სადაც რეგიონის კულტურა და უახლოესი წარსული მოგზაურის თვალწინ ცოცხლდება აჭარული ყოფის თვალსაჩინო მაგალითია. ულამაზესი ხეობა ისტორიული ციხეებით, ჩანჩქერებითა და კულტურული ძეგლებით მდიდარია. ხეობის სავიზიტო ბარათად XII-XIII საუკუნის ხიხანის ციხე, სხალთის მონასტერი, ადგილობრივი სამზარეულო და ფოლკლორი ითვლება.

ღვინის გზა აჭარაში

მდიდარი აჭარული სამზარეულოსა და უნიკალური ადგილობრივი ღვინის სახეობების აღმოსაჩენად მაღალმთიანი აჭარის ღვინის მარშრუტი წლის ნებისმიერ დროს აქტუალურია. ულამაზესი ბუნებით გარშემორტყმულ ღვინის მარნებში, რომლებიც ქედაში რამდენიმე სოფელშია განთავსებული, ადგილობრივი წარმოების ჩხავერთან და ცოლიკაურთან ერთად უგემრიელესი ადგილობრივი კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი. რეგიონის გასტრონომიული სიმდიდრისა და ღვინის სახეობების გაცნობის მსურველებისოფელ ვაიოს, პირველ მაისს, საღორეთს, გეგელიძეებსა და დანდალოს უნდა ესტუმრნონ. 

შემოდგომის ფესტივალები

ფესტივალებისა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აჭარა განსაკუთრებით განებივრებული ზაფხულის ტურისტულ სეზონზეა, თუმცა რეგიონის სტუმრებს არაერთი საინტერესო ღონისძიება შემოდგომაზე ელოდებათ. ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი BIAFF, შემოდგომის ფესტივალი „განდაგანა“, ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი“, ფრინველების საერთაშორისო და ელისო ბოლქვაძის მუსიკალური ფესტივალები აჭარაში ჩამოსულ ტურისტებს  ნამდვილ დღესასწაულს სთავაზობს. ფესტივალების გარდა რეგიონის სტუმრებს საშუალება აქვთ შემოდგომაზე სახალხო დღესასწაულებს „მაჭახლობა“ „ტბელობა“, „ქედელობა“ და „შუახევობა“ დაესწრონ და მაღალმთიანი აჭარის კულტურა-ტრადიციებს გაეცნონ.

-

თქვენთვის სასურველი მარშრუტის დაგეგმვაში აჭარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრები დაგეხმარებათ, რომლებიც ქალაქსა და მუნიციპალიტეტებში მრავლადაა. თუ იქ მისასვლელად დროს ვერ იპოვით შეგიძლიათ  ცხელ ხაზზე 577 90 90 93 დარეკოთ და შეუდგეთ თქვენთვის უცნობი აჭარის აღმოჩენას. 

მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

თეგები: