ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარაში

ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარაში

ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ გადაცემებს ამზადებს. სამოგზაურო გადაცემა „,,Adventures’’-ის ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. მათ უკვე იმოგზაურეს მთიან აჭარაში, გადაიღეს სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი და მტირალას ეროვნული პარკი. მათი კამერის ობიექტივში ბათუმი და მისი ტურისტული ღირსშესანიშნაობებიც მოხვდა. ევრონიუსის მილიონობით მაყურებელს აჭარის შესახებ მომზადებული სამოგზაურო ეპიზოდების ნახვა აპრილის ბოლოდან შეეძლება.

ევრონიუსის ჟურნალისტები აჭარას წლის ბოლომდე კიდევ ორჯერ ესტუმრებიან. ზაფხულში ისინი რეგიონში მოგზაურობის შესახებ ვრცელ ბლოგს მოამზადებენ, შემოდგომაზე კი გადაცემა „ფოკუსი“-ის გადამღები ჯგუფი აჭარაში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას გადაიღებს. გადაცემების გარდა, ევრონიუსზე აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლი იტრიალებს. ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს 200-ზე მეტ ქვეყანაში გაეცნობიან. 

„გასულ წელს ჩვენ მიერ ევრონიუსზე დაწყებული წარმატებული სარეკლამო კამპანია წელსაც გრძელდება, თუმცა ამჯერად ბევრად უფრო მრავალფეროვანი სახით. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენს რეგიონს ისეთი რეიტინგული მედიასაშუალება უძღვნის გადაცემებს როგორიც ევრონიუსია. რეგიონში ტურისტების მოზიდვა, ქვეყნისა და რეგიონის  შესახებ დადებითი იმიჯის შექმნა სწორედ მსგავსი მედიასაშუალებების მიერ უნდა განხორციელდეს. ჩვენ წლის ბოლომდე 16-ვე სამიზნე ქვეყნიდან ვგეგმავთ პოპულარული ჟურნალისტების მოწვევას, რომლებიც თავიანთი მოქალაქეებს აჭარას საინტერესო სტატიებით, ბლოგებით, რეპორტაჟებითა და გადაცემებით გააცნობენ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის უფროსმა ნინო ხახუბიამ.

თეგები: