სიახლეები - GoBatumi
ისრაელში აჭარის მიმართ ინტერესი იზრდება

ისრაელში აჭარის მიმართ ინტერესი იზრდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IMTM 2019“ წარადგინა. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაზე ვიზიტორები აჭარაში მოგზაურობითა და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობებით დაინტერესდნენ. გამოფენაზევე ისრაელში წამყვანმა სამოგზაურო ვებ-გვერდმა  „lametayel.co.il“ ბათუმი 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა და დეპარტამენტის წარმომადგენლებს სპეციალური ჯილდო გადასცა.

თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 50 ქვეყნის 1600-მდე კომპანია და საჯარო სამსახური მონაწილეობდა. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა  შეხვედრები გამართეს მედიის, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის საჯარო სამსახურების წარმომადგენლებთან, რომლებთან თანამშრომლობითაც მიმდინარე წელს აჭარაში ინფო და პრესტურები იგეგმება. ტურისტულ გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა.

აჭარისთვის ისრაელი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, იზრდება ისრაელიდან აჭარაში საერთაშორისო მოგზაურებისა და ფრენების რაოდენობა. 2018 წელს, თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს 4 ავიაკომპანია ასრულებდა, წლის განმავლობაში კი რეგიონში 55,3%-იტ მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

თეგები: