სიახლეები - GoBatumi
აჭარაში სტუმრობის ტოპ 10 მიზეზი

აჭარაში სტუმრობის ტოპ 10 მიზეზი

მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში სტუმრობის ბევრი მიზეზი არსებობს, ჩვენ გთავაზობთ რჩეულ ათეულს:

1. შეიგრძენი შავი ზღვის სიგრილე ცხელ ზაფხულში

საზღვაო კურორტების ინფრასტრუქტურა, სუბტროპიკული კლიმატი, ზღვის და მთის ჰაერის უნიკალური კომბინაცია შესანიშნავ დასასვენებელ პირობებს ჰქმნის აჭარაში ჩამოსული დამსვენებლებისათვის. მრავალფეროვანია პლაჟების არჩევანი: ვისაც ზღვაზე დასვენებასთან ერთად ქალაქის აქტიური ცხოვრების გაზიარება გსურთ, ბათუმი იდეალური ადგილია, აქ ზაფხულობით უამრავი კონცერტი, გასართობი და კულტურული ღონისძიება იმართება. უფრო მშვიდი, ქალაქს მოწყვეტილი გარემოს შესარჩევად ციხისძირის, ჩაქვის, მწვანე კონცხის ზღვისპირა ადგილებს შეგიძლიათ ესტუმროთ. მყუდრო დასასვენებელი ინფრასტრუქტურაა შექმნილი სარფის, კვარიათის, გონიოს პლაჟებზეც. განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ქობულეთის პლაჟები.

შეიგრძენი შავი ზღვის სიგრილე ცხელ ზაფხულში


2. განიტვირთე მთიანი აჭარის ბუნებაში

მთიანი აჭარის რეგიონი ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებს მოიცავს. თითოეული მათგანი მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებით და ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა, რაც ეკო და სოფლად ტურიზმის განვითარებისათვის საუკეთესო პირობებს ქმნის. აჭარის ტერიტორიაზე გარდა 4 დაცული ტერიტორიისა, ასევე სხვა ბუნებრივი სიმდიდრეებიც მოიპოვება. ეკოტურიზმის მოყვარულებმა შეგიძლიათ ისარგებლოთ ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად შექმნილი აჭარის ეკოტურისტული მარშრუტებით.

განიტვირთე მთიანი აჭარის ბუნებაში

 

3. ნახე ძველი და ახალი არქიტექტურის საინტერესო შერწყმა

ბათუმი თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებით, უძველესი პორტით, ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კოლორიტული კაფეებით თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა. მე-19 საუკუნეში ბათუმის საპორტო ქალაქად გადაქცევას უკავშირდება ევროპელი არქიტექტორების მიერ ქალაქის განაშენიანება. ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული არქიტექტურული შენობები დღესაც მიმზიდველ და განსხვავებულ იერს სძენს ზღვისპირა ქალაქს.

ნახე ძველი და ახალი არქიტექტურის საინტერესო შერწყმა

 

4. გაისეირნე ველოსიპედით ბათუმის ულამაზეს ბულვარში

ბათუმის ზღვისპირა ბულვარის განაშენიანება 1881 წლიდან იწყება და მასში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ პრუსიელ მებაღეს რესლერს და ფრანგ მიხეილ დალფონსს. ბოლო წლებში ბათუმის ბულვარის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა და დღეისათვის მისი სიგრძე 7 კილომეტრს აღწევს. თანამედროვე სტანდარტებით გაშენდა ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ე.წ. ახალი ბულვარი. ბულვარის სანაპირო ზოლი ბუნგალოებით, კაფე-ლაუნჯებით, რესტორნებით, საბავშვო ატრაქციონებით, სკულპტურებითა და ახალი ფანტანებით დამშვენდა და იგი ქალაქის სტუმრებისათვის ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. ბათუმის ბულვარს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა პრომენადის გასწვრივ გაშენებულმა ველობილიკებმა, სადაც ველოთი გასეირნებასთან ერთად დატკბებით ზღვის ულამაზესი პანორამებით. "ბათუმველო"-ს ფრანგული მოდელის ველოსიპედებით სარგებლობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილებშიც არის შესაძლებელი, სადაც სპეციალური სადგომები და ველობილიკები არის განთავსებული.

გაისეირნე ველოსიპედით ბათუმის ულამაზეს ბულვარში

 

5. იხილე ცხრა კლიმატური ზონის მცენარე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბოტანიკური ბაღი დაარსებულია 1912 წელს ანდრეი კრასნოვის მიერ, რომელიც ბოტანიკისა და ფიზიკური გეოგრაფიის აღიარებული კლასიკოსია. ბაღის ფლორისტული სიმდიდრე 111 ჰექტარზე გაშენებულ ცხრა განყოფილებითაა წარმოდგენილი. ესენია: აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ ამერიკის, ჰიმალაის, მექსიკის, ავსტრალიის, ხმელთაშუა ზღვის და ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილებები. ბოტანიკურ ბაღში ვიზიტი შესაძლებელია როგორც ფეხით, ისე სპეციალური საექსკურსიო ელექტრო-მობილებით.

იხილე ცხრა კლიმატური ზონის მცენარე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

 

6. დაესწარი დელფინების დაუვიწყარ შოუს

შთაბეჭდილებათა და ემოციების ნამდვილი დღესასწაულია ბათუმის დელფინარიუმის შოუ-პროგრამა. 6 მაისის პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია დელფინარიუმი, რომელიც თავისი უნიკალური სამენოვანი შოუებით უკვე იქცა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხშირად მონახულებად ტურისტულ ადგილად. 6 მაისის პარკი საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სამოქალაქო ბაღია, რომლის განაშენიანება 1881 წლიდან დაიწყო. პარკის ტერიტორიაზე დელფინარიუმის გარდა განლაგებულია აკვარიუმი, ზოოკუთხე და საბავშვო ატრაქციონები. პარკში ასევე შესაძლებელია ნავით გასეირნება ტბაზე.

დაესწარი დელფინების დაუვიწყარ შოუს

 

7. დააგემოვნე ქედის ჩხავერი

დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას სწორედ აჭარა წარმოადგენს. აჭარის მასშტაბით მევენახეობა განსაკუთრებით განვითარებულია ქედის მუნიციპალიტეტში. აჭარაში წარმოებული ღვინის უნიკალური სახეობებია "ქედის ცოლიკაური" და "ჩხავერი". იშვიათი ჯიშის ვაზისაგან დამზადებული ვარდისფერი შეფერილობის "ჩხავერი" რეგიონის კოლორიტულ სასმელად იქცა და მისი დაგემოვნება აჭარული სამზარეულოს უგემრიელეს კერძებთან ერთად ნამდვილი სიამოვნებაა.

დააგემოვნე ქედის ჩხავერ

 

8. გასინჯე უგემრიელესი აჭარული ხაჭაპური

წარმოუდგენელია აჭარული სამზარეულო აჭარული ხაჭაპურის გარეშე. იგი აჭარაში ჩამოსული სტუმრებისათვის აუცილებლად დასაგემოვნებელ კერძთა შორის მოისაზრება, ამიტომაც დღეს აჭარული ხაჭაპური არამარტო აჭარაში, არამედ ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში შეიძლება დააგემოვნოთ, თუმცა როგორც ამას გურმანები აღნიშნავენ, აჭარაში ამ კერძს მაინც სულ სხვა გემო და ხიბლი აქვს. აჭარული ხაჭაპურის შექმნის არაერთი ვერსია არსებობს. ზღვისპირას მცხოვრებ ლაზებს ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს. მზე და ზღვა კულინარიაში ასე გემრიელად არავის დაუკავშირებია ერთმანეთთან.

გასინჯე უგემრიელესი აჭარული ხაჭაპური

 

9. იპოვე რომაელების კვალი გონიოს ციხეში

გამორჩეულია ჩვენი რეგიონი საინტერესო ისტორიული წარსულითა და კულტურული ღირებულებებით. საქართველოს ერთ-ერთი უძველესი გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრე ბათუმიდან სამხრეთით, 12 კმ. დაშორებით მდებარეობს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხის ტერიტორიაზე უხვადაა მოპოვებული რომაული ხანის მასალა. გონიო-აფსაროსის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული არგონავტების მითთან. ცნობილია, რომ სწორედ აქ დაკრძალა მეფე აიეტმა თავისი ვაჟი აფსაროსი, რომელიც გაქცეულმა იასონმა მოკლა. ზოგიერთი წყაროს გადმოცემით, აქვეა დაკრძალული ქრისტეს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი - მატათა. გონიოს ციხის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მუზეუმი. "გონიოს განძად" წოდებული ანტიკური პერიოდის უნიკალური ნივთების დიდი ნაწილი ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული.

იპოვე რომაელების კვალი გონიოს ციხეში

 

10. აღმოაჩინე ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი

ცნობილი ადამიანები ბათუმით ხშირად ინტერესდებოდნენ. განსაკუთრებით საგულისხმოა ამ მხრივ "პორტო-ფრანკო"-დ წოდებული პერიოდი. ცოტამ თუ იცის, რომ ბათუმის ნავთობტერმინალის მშენებლობა "ნავთობის მეფეებად" წოდებული ძმები ნობელების სახელთანაა დაკავშირებული. კომპანია "ბრანობელი"-ს შემქმნელების საცხოვრებელ სახლში დღეს ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმია განთავსებული. აქვეა წარმოდგენილი ებრაული წარმოშობის ფრანგი ნავთობმაგნატის როტშილდისა და თბილისელი სომეხის მანთაშევის, ასევე აჭარაში ჩაის კულტურის შემომტანი ჩინელი ლაო ჯინ-ჯაოს საექსპოზიციო კუთხეები.

აღმოაჩინე ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი

თეგები: