სიახლეები - GoBatumi
როგორ გავერთოთ ქობულეთში პლაჟს მიღმა – ტურისტული გზამკვლევი

როგორ გავერთოთ ქობულეთში პლაჟს მიღმა – ტურისტული გზამკვლევი

ზღვისპირა ქალაქები ერთი შეხედვით ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ბათუმისგან განსხვავებით ქობულეთში ის ადამიანები არჩევენ დასვენებას,

ვისაც სურს ყველაფერი ძალიან ახლოს ჰქონდეს: ზღვა, ბუნგალოები,

სასტუმრო და გასართობი ადგილები.

ვნახოთ, როგორია ქობულეთში ზაფხულის დღეები. წავედით.

           ქობულეთის ქვიშიან სანაპიროზე

მართალია ცოტათი მოიღრუბლა, მაგრამ ქობულეთის ქვიშიან პლაჟზე ასეთ ამინდშიც კი ნახავთ ზღვაში მობანავე დამსვენებლებს. ამინდის ცვალებადობა ზღვაზე ჩამოსულებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს.

ბავშვები ნაპირზე თბილ ქვიშაში ეფლობიან, მერე ტალღებისკენ გაქანდებიან და ქვიშას ერთიანად ჩამოირეცხავენ.

სანაპიროზე უამრავი კაფე-ბარი, ბუნგალო და რესტორანია. სადმე ერთგან შევჩერდეთ, სადაც სივრცე ღიაა და ქათქათა, ისეთი, როგორიც ზღვისპირა კაფე უნდა იყოს.

ბანაობის, გარუჯვისა და ველოსიპედით სეირნობის შემდეგ მსუბუქი ალკოჰოლით შეზავებული კოქტეილით გაგრილების დრო დგება,

სანამ აუცილებლად დასაგემოვნებელი აჭარული ხაჭაპური გამოცხვება,

„კუბა ლიბრე“ ვწრუპოთ და დავაკვირდეთ, როგორ ამზადებენ ბიჭები სხვა სტუმრებისთვის ფერად-ფერად კოქტეილებს.

სჯობს დავივიწყოთ ყველა დიეტა, ცომეულთან გაწყვეტილი კავშირები და ღირსეულად შევეგებოთ მის აღმატებულება დაბრაწულ აჭარულ ხაჭაპურს. ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა აკრძალვას,

მით უფრო ისეთს – საკუთარ თავს თვითონ რომ ვუწესებთ.

 საით გავწიოთ?

როცა მზესა და ზღვაზე ნებივრობა მოგბეზრდებათ, აუცილებლად დაიწყებთ რაიმე სხვა ადგილების ძებნას ქალაქთან ახლომახლოს.

ქობულეთთან ახლოს, სოფელ ციხისძირში VI-IX საუკუნეების, ისტორიული ციხე-ქალაქი – პეტრა მდებარეობს. ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე პეტრას აკროპოლისი ბიზანტიური წყაროების მიხედვით,

იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს ააგეს. პეტრა ლაზიკის უმნიშვნელოვანესი საზღვაო-სავაჭრო ცენტრი იყო. ადგილობრივი ლეგენდების მიხედვით, რუსთაველმა ვეფხისტყაოსნის ქაჯეთის ციხეში

, პეტრას ციხე-სიმაგრე იგულისხმა. არავინ იცის ეს ამბავი ტყუილია თუ მართალი, მაგრამ ჩვენი ნებაა, შეგვიძლია გვჯეროდეს ლამაზი თქმულებების, არაფერს ვკარგავთ.

უზარმაზარ, კლდოვან ტერიტორიაზე განფენილი ციხის ნაშთებზე აცოცდებით და დიდხანს აღარ დაბრუნდებით უკან: ნახავთ მწვანე მინდორს და ლაჟვარდისფერ ზღვას ერთად, ისეთს,

როგორსაც ხალხმრავალ პლაჟებზე ვერ წააწყდებით.

         

 ქობულეთის ღვინის მარანი

ყველა პატარა მოგზაურობაც კი სასიამოვნოდ გაბრუებთ, თუმცა აჭარაში ჩამოსხმული ღვინით ოდნავი გაბრუება სულ სხვაა. ქობულეთიდან სულ 10 წუთის სავალზე, სოფელ გვარაში,

აგროსერვის ცენტრის ღვინის მარანია მოწყობილი, სადაც დიდი ენოთეკა აქვთ და მსურველს შეუძლია საქართველოში გავრცელებული სხვადასხვა ღვინის დაგემოვნება.

ამ მარნის ტერიტორიაზე ვაზია გაშენებული და რთველისას ტურისტებსა და დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ ყურძნის დაკრეფა-დაწურვაში მიიღონ მონაწილეობა.

მარანი ყოველდღიურად მასპინძლობს ტურისტებს და წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში შაბათ-კვირასაც მზადაა სტუმრების მისაღებად.

პერიოდულად აქ ჩურჩხელების ამოვლების დღეები და თონის პურის ცხობის მასტერკლასები იმართება.

შთაბეჭდილბებით სავსე დღეს აუცილებელია ჭიქა ღვინით გამხნევება, მთავარია არ აგერიოთ: ხორცთან წითელ ღვინოს მიირთმევენ,  თევზთან – თეთრს.

მთელი ქვეყანა ერთ პარკში

 შეიძლება უკვე ყველაფერი ნანახი გაქვთ საქართველოში, შეიძლება ჯერ კიდევ ბევრი რამ დაგრჩათ სასიამოვნო დღეების დასაგროვებლად.

როგორც არ უნდა იყოს მინიატურების პარკი მაინც გაოცებულს დაგტოვებთ უამრავი პატარ-პატარა, ისტორიული შენობებით და ძეგლების მინიატურებით.

იქნებ არ გაქვთ ნანახი დადიანების სასახლე, ან სოფელი ჩაჟაში – სვანეთში.

არაფერია, მინიატურების პარკში ჯერ კიდევ მოუნახულებელი ადგილების მაკეტებს შეგიძლიათ დააკვირდეთ და მთელი საქართველო ერთ საათში მოიაროთ ფეხით.

„ციცინათელა” – გასართობი პარკი დიდებისა და პატარებისთვის

ქობულეთთან ახლოს ციცინათელას ატრაქციონებია.  საღამოობით აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა, ბავშვებისთვის უსაყვარლეს ადგილზე დიდებიც კარგად ერთობიან,

რადგან „ციცინათელაში“ საბავშვო ატრაქციონების გარდა ექსტრემალური ატრაქციონებიცაა.

როცა ბინდდება და უზარმაზარ პარკში ყველა ატრაქციონი ფერადად ნათდება, აქაურობა ჯადოსნურ სასახლეს ემსგავსება, სადაც ყველა ბედნიერია,

მუსიკა უკრავს და ჰაერში ნაყინის სუნი ტრიალებს.

ნაკრძალი დუმფარებიანი ტორფნარითა და წყლის ფრინველებით

ჭაობი თქვენთვის მხოლოდ ცუდ ასოციაციებს და ბაყაყების ყიყინს უკავშირდება? ცდებით. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში ისპანის ტორფნარი უნიკალურ, ჭარბტენიან ეკოსისტემას ქმნის,

რის შედეგადაც აქ წყლის ფრინველები და უნიკალური წყალმცენარეებია გავრცელებული.

კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კინტრიშის, მტირალასა და მაჭახელას პარკები ადგილებია,

რომლებსაც იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარსადგენად ამზადებენ.

ზღვაზე დასვენების გარდა ეკოტურისტული მარშრუტის დაგეგმვა შესაძლებელია ქობულეთთან ახლოს,

კინტრიშისა და მტირალას ეროვნულ ნაკრძალებში, სადაც მცენარეთა ენდემური სახეობები ხარობს.

ფეხით სეირნობის, ველური ბუნებით ტკბობის პარალელურად, მტირალასა და კინტრიშის ნაკრძალებში ადგილობრივი კერძების, ბორანოს, სინორისა და იახნის დაგემოვნებაც შეგიძლიათ.

ეს უკანასკნელი მხოლოდ ქობულეთში მზადდება, დეკეულის ხორცი საგულდაგულოდ იკმაზება ნიგვზითა და სანელებლებით.

მტირალასა და კინტრიშის ნაკრძალებში მდებარე საოჯახო რესტორნებში ასევე მოგართმევენ ადგილზე დამზადებულ აჩმასა და ბაქლავას – აჭარის მონახულება ამ კერძების დაგემოვნების გარეშე არ ღირს.

ქობულეთში მხოლოდ ზღვის, მზისა და გარუჯვისთვის ჩამოსვლას არ გირჩევთ. მას შემდეგ რაც პლაჟზე ნებივრობა მოგბეზრდებათ,

აიკიდეთ ზურგჩანთა და გაუყევით გზას მტირალასა და კინტრიშის ნაკრძალებისკენ, ნუ მოიკლებთ ამ სიამოვნებას,

რომელიც მთელი წელი გაგყვებათ და ქალაქის ხმაურში ყოველთვის გაგახსენებთ თავს ველურ ბუნებაში გატარებული გრილი, სასიამოვნო, ტყის ჰაერით სავსე დღეები.

თეგები: