ტოპ 6 პლაჟი აჭარაში

ტოპ 6 პლაჟი აჭარაში

ზაფხულის  აჭარა - ჰედონიზმის, განტვირთვისა და ბოჰემის ადგილი და დრო.  ამ ბლოგში  აღმოაჩენ   6  საუკეთესო პლაჟს   შავი  ზღვის სანაპიროზე  

გონიო - კვარიათი  -  საუკეთესო პლაჟები  მზის ამოსვლისას  

მზის ამოსვლისას მთის წვერი   ყვითლად ფერადდება  და  დღე  ოქროსფერი სინათლით იწყება.  მიმზიდველობას  გარშემორტყმული მთები  და   სიმწვანეში გაბნეული მდიდრული აგარაკები ქმნის.  
ხმელეთით ტკბობის  შემდეგ   წყალქვეშა სამყაროში გადაეშვები  -   ჩაძირული ხომალდების, მიდიების ფერმების  სანახავად  ან    განძის  საძებნელად თუ  მიუწვდომელი საიდუმლობებების ამოსახსნელად.  

თუ გინდა კაფეში  დაჯექი,  კოქტეილი  შეუკვეთე და დატკბი ტოპაზისფერი ზღვის  მშვიდი და ნაზი ტალღებით. 

წინ  დაღამებაა -  როცა  მთა  წითლდება,  ჰორიზონტს კი მზის შარმი -  ოქროსფერი ზოლი  ანათებს. 

ქობულეთი  - საუკეთესო პლაჟი   ოჯახური დასვენებისთვის

გაიხადე ფლოსტები,  მზის მხურვალება შენმა ფეხისგულებმაც იგრძნონ.  აქ  ქვიშანარევი პლაჟია, წყალი კი გამჭვირვალე და მოცისფრო-მომწვანო,  სანაპირო გარშემორტყმულია ფიჭვნარით.

ქობულეთი  საუკეთესო ადგილია ოჯახური  დასვენებისთვის. ქალაქის მთავარი პარკი ბავშვების გართობას მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფს. 

სარფი  -     საუკეთესო კლდოვანი პლაჟი  

აქ  ქვიშა არ არის, აქ არის  სანაპირო საზღვრისპირა სივრცით,   კლდეებითა  და ქვებით, რაც  შორიდან   პოსტინდუსტრიულ   ნარჩენებს მოგაგონებს.

ცხელ დღეებში სიმაღლიდან   ზღვაში გადაშვება  -  ნეტარებაა. ჩახტომით  გამოწვეული ჟრიამულისგან ამ სანაპიროზე მუდამ  მხიარული ატმოსფეროა.  

სარფის  ფირუზისფერი ზღვა  ერთერთი საუკეთესოა  საბანაოდ

მწვანე კონცხი  - მწვანე ზღვა 

ბათუმიდან  ყველაზე ახლოს,  15   წუთის  გზაზეა. დილით ახვალ და  დაღამებამდე დარჩები.  
შედარებით პატარა სანაპირო ზოლით, თუმცა  ბათუმის საუკეთესო ხედითა და სიმწვანით გარშემორტყმული, რაც  პლაჟზე ბუნებრივ ჩრდილებს ქმნის. ღია მოცისფრო-მომწვანო წყალი,  მზის აბაზანა,  კაფეები   და  შენი დღის ნათელი მხარე -  ბოტანიკური ბაღი -  ბათუმის  სუბტროპიკული სამოთხე სხვადასხვა კონტინენტის საუკუნოვანი პარკებითა და ადგილებით, საიდანაც საერთოდ განსხვავებული  პანორამული ხედები იშლება 

ბათუმი  -  საუკეთესო  პლაჟები  გართობისა და თავგადასავლების მოყვარულებისთვის

დილიდან შუაღამემდე ხალხით სავსე პლაჟები, კაფე-ბარებიდან  გამოსული მუსიკის რიტმები, გემით გასეირნება, ქარის სერფინგი, სადილი ზღვის პროდუქტებით  „დამზადებულია ბათუმის სანაპიროზე“  - მოკლედ,  ბათუმის პლაჟები არის სამოთხე  ჰედონისტებისთვის. 

ე.წ. „პიშევიკების“ პლაჟი  ერთერთი ყველაზე პოპულარული ადგილია საბანაოდ, თუმცა ბათუმის ფსიქოდელიური ცის ქვეშ  ბევრ  სხვა  ადგილს წააწყდები  -   ზღვაში შეჭრილი ხიდებით თუ დახვეწილი სანაპირო  რესტორნებით.

როცა  ირგვლივ ყველაფერს ცეცხლისფერი მოედება გემით  გასეირნება სიამოვნების პიკია.

ციხისძირი -  სიმშვიდის თერაპია და სენსაციური მზის ჩასვლა 
თუ გსურს ხალხმრავლობას გაექცე, წარმოიდგინე, თითქოს პატარა, ველურ კუნძულზე ხარ.  ასეთია ციხისძირი -  საიდუმლო კუნძულივით ჩამალული პლაჟებით. რამდენიმე ჩასასვლელია, თუმცა ყველაზე მარტივს გირჩევ: ცენტრალური გზიდან  სასტუმრო „მეგობრობის“ შესახვევს მიჰყევი. ეს გზა   შენი  განმარტოებისა  და სულიერი სიმშვიდისკენ მიდის.  

კარვებიც დასაშვებია. წარმოიდგინე დილის სიჩუმეში გაღვიძება და  მზის ამოსვლისას ბანაობა.  შემდეგ  იოგა  ღია ცის ქვეშ. 

ციხისძირში დღისა და ღამის შეგებება  - მარინისტული ტილოა. როცა  პლაჟი ოქროსფერ სხივებში ბანაობს,  რომანტიული დღესასწაული იწყება 

ხელშესახები თავისუფლება  -  ეს  2 სიტყვა  საუკეთესოდ გამოხატავს  იმ  მდგომარეობასა და შეგრძნებების ერთობლიობას, რაც აჭარის სანაპიროებზე გელოდება. მნიშვნელობა არა აქვს, რომელს აირჩევ, გჯეროდეს რომ  აქ  დაგხვდება   უმთავრესი  -  ყველაფრისგან განხვავებული და აქამდე განუცდელი შთაბეჭდილებების ზღვა. 

 

თეგები: