საზღვაო ტურიზმი

საზღვაო ტურიზმი

რა უნდა გაგახსენოთ პირველ რიგში ზღვისპირა რეგიონმა? რა თქმა უნდა, საზღვაო კურორტები – კარგი ინფრასტრუქტურით, გართობისა და დასვენების ამოუწურავი შესაძლებლობებით. აჭარის ზღვისპირეთი სწორედ ასეთია – სუბტროპიკული კლიმატი, 21-კილომეტრიანი სანაპირო ზოლი, საშუალოდ, 21-დან 29 გრადუს ცელსიუსამდე გამთბარი წყალი, კეთილმოწყობილი გარემო და თვითმყოფადი ბუნება. გარდა გემრიელად დასვენებისა, ბათუმი, როგორც კურორტი, მზის თერაპიასა და ზღვის აბაზანებით მკურნალობასაც გთავაზობთ. ქალაქი გაჯერებულია ზღვის, აკაციისა და მაგნოლიების სურნელით და აქ წელიწადის ყველაზე ცივ თვესაც კი – იანვარში, ჰაერის ტემპარატურა +7-10 გრადუსია. ასე, რომ შეგიძლიათ ბათუმს წელიწადის ნებისმიერ დროს ესტუმროთ.

ქობულეთი ზღვასთან ყველაზე ახლოს მდებარე კურორტია საქართველოს შავიზღვისპირეთში. კურორტი გამორჩეულია ისტორიული ადგილებით, რბილი სუბტროპიკული ჰავით, იონიზირებული ზღვის ჰაერით, ფიჭვნარით, მცხუნვარე მზითა და თბილი ზღვით. უნიკალურია წვრილქვიშიანი ფართო პლაჟი, რომელიც დამრეცად ეშვება ზღვისკენ.  ქობულეთი, თავისი რბილი, ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატით, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. წვრილ-ქვიშიანი ნაპირი, კაშკაშა მზე კარგ პირობებს ქმნის ჰელიოთერაპიის, ძვალ-სახსრების, ლიმფური ჯირკვლებისა და სხვა ორგანოების, ბრონქიალური ასთმისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისთვის. ქობულეთის პლაჟები კეთილმოწყობილია, ზღვისპირა ზოლში ჩადგმულია კაფე-ბარები, ფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის წყლის ატრაქციონი. ზღვისპირა პარკში უხვადაა სპორტული მოედნები, საზაფხულო კაფე-ბარები, ბუნგალოები თუ რესტორნები.

კურორტი ციხისძირი ბათუმის ჩრდილოეთით, მისგან 17 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 60-90 მ-ის სიმაღლეზეა გაშენებული. მისი ჰავის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ზღვისა და მთის ჰაერის ნარევს წარმოადგენს და რეკომენდირებულია სასუნთქი გზების არატუბერკულოზური და ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებების სამკურნალოდ. ციხისძირში ზაფხულობით უფრო გრილა, ზამთარში კი უფრო თბილა, ვიდრე ბათუმსა და მახინჯაურში. კურორტის მწვანით შემოსილი ფერდობები ციტრუსოვანი ბაღებით, ჩაის პლანტაციებითა და ბამბუკის ხეივნებით არის დაფარული. ციხისძირის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. ის დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, ეგრისის სამეფოს ისტორიული ციხე-ქალაქია ხელსაყრელი სამხედრო და ეკონომიკური მდებარეობის გამო. აქ, ჯერ კიდევ VI საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ ქალაქი გააშენა, რომელსაც პეტრა ეწოდებოდა. დღეს ციხისძირის მწვანით შემოსილ ფერდობებზე, მის ულამაზეს ბაღებსა და პარკებში, განლაგებულია დასასვენებელი სახლები, რესტორნები და კაფე-ბარები. პლაჟები კეთილმოწყობილია, ფუნქციონირებს ზღვის სასეირნო სატრანსპორტო საშუალებები.

ბათუმიდან 13 კმ-ის დაშორებით მდებარეობს საკურორტო ადგილი ჩაქვი, რომელიც ისტორიულად ქართული ჩაის სამშობლოა. სწორედ აქ შემოიტანა პირველად ჩაი ჩინელმა მეცნიერმა ლაო ძინ ძაომ. ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე, სოფელ ჩაისუბანში, აღმართულია სათვალთვალო კოშკურა, საიდანაც შესაძლებელია დაკვირვება მტაცებელი ფრინველების მიგრაციაზე. აჭარაში ჩამოსულ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩაქვის სანაპირო ზოლის მწვანეში ჩაფლული სასტუმროები და აგარაკები.

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა კურორტია მწვანე კონცხი, რომელიც ბათუმიდან 9 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და ზღვის დონიდან 70-92 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული.სწორედ მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობებზეა გაშენებული ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელი და სტუმარი ათვალიერებს. მწვანე კონცხის ზღვისპირა ზოლი საუკეთესო ადგილია ცურვისა და მზის აბაზანებისთვის, ასევე – დაივინგის მოყვარულთათვის.

  • მახინჯაური:

მახინჯაური არის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც ბათუმიდან 5 კილომეტრში, ზღვის დონიდან 15-25 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, თუმცა, მისი სიმაღლე თანდათან მაღლა იწევს და ზღვის დონიდან 1000-1300 მეტრს აღწევს. ჩრდილოეთიდან მახინჯაურს აჭარის შავიზღვისპირეთის ულამაზესი ადგილი – მწვანე კონცხი ესაზღვრება. აქ ზამთარი, ბათუმთან შედარებით, თბილია, ზაფხული კი – გრილი. მახინჯაურში არსებულ სუბთერმულ მინერალურ წყალს ადგილობრივი მოსახლეობა სამკურნალოდ XX საუკუნის დასაწყისიდან იყენებდა. წყლის პირველი მეცნიერული კვლევა 1912 წელს ჩატარდა, შემდეგ აშენდა სააბაზანო შენობები და მახინჯაურის, როგორც კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტის ისტორიაც ამ დროიდან დაიწყო. სამკურნალო ტურიზმით დაინტერესებულებს აქ შეუძლიათ უმკურნალონ სასუნთქი გზების (ტუბერკულოზისა და ბრონქული ასთმის გარდა), გულ-სისხლძაღვთა, შარდ-სასქესო (ქრონიკული პროსტატიტი) და ნერვული სისტემების, ასევე – გინეკოლოგიური პროფილის დაავადებებს, რკინადეფიციტურ ანემიას, ენდოკრინული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეულ დაავადებებს.

სარფი ბათუმიდან სამხრეთით, 18 კმ-ის მოშორებით, საქართველო-თურქეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მდებარეობს. ზღვის წყლის საშუალო ტემპერატურა აქ +25oC, ჰავა კი, ზღვისა და მთის ნარევს წარმოადგენს. სარფი განსაკუთრებით პოპულარულია ზღვაზე დასვენების მოყვარულთათვის. აქ მდებარე სასტუმროები და სასტურმოს ტიპის სახლები ზღვასთან ახლოს მდებარეობს, ზღვის წყალი კი, განსაკუთრებულად გამჭვირვალეა. მიმზიდველია აქაური წყალქვეშა სამყაროც. ზღვაზე დასვენების პარალელურად, აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმი და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი, რომელიც უძველესი ტექნოლოგიების გამოყენებით აშენდა.

კვარიათი ბათუმიდან სამხრეთით 15 კმ-ის მოშორებით, საქართველო-თურქეთის საზღვართან მდებარეობს. ისევე, როგორც სარფში, სანაპირო ზოლში ზღვის წყალი აქაც განსაკუთრებულად გამჭვირვალეა, წყალქვეშა სამყარო კი – მიმზიდველი. სამკურნალო ტურიზმის მოყვარულებისთვის საინტერესო იქნება კურორტის ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, რომელიც ნერვული სისტემებისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისთვის არის რეკომენდებული.

თეგები: