10 მიზეზი - GoBatumi
კულტურული ძეგლები

კულტურული ძეგლები

გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი

ბათუმიდან სამხრეთით, 12 კმ. დაშორებით, მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე გონიო-აფსაროსის I საუკუნის ციხე-სიმაგრე მდებარეობს. საქართველოში ერთ-ერთი უძველესი დასახლება ამ ციხის ირგვლივ იყო გაშენებული. გონიო-აფსაროსის ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ის იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსა და რეგიონებს შავი ზღვის სანაპიროსთან აკავშირებდა. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი – ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.

გონიო-აფსაროსის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული არგონავტების მითთან. ცნობილია, რომ სწორედ აქ დაკრძალა მეფე აიეტმა თავისი ვაჟი აფსაროსი, რომელიც გაქცეულმა იასონმა მოკლა. გადმოცემის მიხედვით, აქვეა დაკრძალული ქრისტეს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი, მატათა.

პეტრას ციხე

პეტრას ციხე მრავალი ომის მომსწრეა. აქ დღემდეა შემორჩენილი ციხის, სასახლისა და ჯარისკაცთა საცხოვრებლის ნანგრევები, მათ შორის, VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრას საეპისკოპოსო კათედრალის ნაშთია და სხვა საინტერესო არტეფაქტები.აქ რამდენიმე სადაზვერვო გათხრის შემდეგ აღმოაჩინეს მდიდარი სამარხი-ოქროს ჩარჩოში ჩასმული დიდი ბროლი, რომელიც ერმიტაჟში ინახება. გათხრებისას აღმოჩენილი განძის კვლევამ დაადგინა, რომ ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში პეტრას ციხე ერისთავის სარეზიდენციო პუნქტი ყოფილა.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

თუკი ისტორიული არტეფაქტები გაინტერესებთ, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს უნდა ეწვიოთ, ადგილს, სადაც აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ეპოქის კულტურული ძეგლებია თავმოყრილი. 2007 წელს მუზეუმში გაიხსნა მუდმივმოქმედი სამეცნიერო პოპულარული გამოფენა, რომელიც მხარის უძველეს ისტორიას ეპოქების მიხედვით გაგაცნობთ. 1998 წლიდან ბათუმის არქეოლოგიური და ოქსფორდის უნივერსიტეტის ეშმოლის მუზეუმების ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მუზეუმი ახალი ექსპონატებით გაამდიდრა.

ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“

ხალხური რეწვისა და ყოფის მუზეუმი, რომელიც ზემო აჭარის მკვიდრმა ქემალ თურმანიძემ შექმნა, დღეს 3000 კვ.მ-ზე გაშენებულ ეთნოგრაფიულ მუზეუმს წარმოადგენს. თუ აქ მოხვდებით, შეძლებთ ძველი ქართული ტრადიციების ზღვაში ჩაყვინთოთ. მეთუნეობა, ლითონის, ქვისა და ხის დამუშავება, მეფუტკრეობა, მეხილეობა, მევენახეობა და მიწათმოქმედება — აქ შრომითი პროცესის დონეზეა გაშლილი; შესაბამისად ჩაცმული მანეკენები, ინვენტარი, ხალხური მუსიკა — ყველაფერი ეს თქვენ წარმოსახვას აუცილებლად გააცოცხლებს. აქ ნახავთ საცხოვრებელ, სალოცავ და სამეურნეო ნაგებობებს, როგორც მაკეტის, ისე რეალური სახით.

აჭარის ხელოვნების მუზეუმი

ნიკო ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილი, გიგო გაბაშვილი, დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, მერაბ ბერძენიშვილი, რუსუდან ფეტვიაშვილი – ეს მხოლოდ ნაწილია მსოფლიოში აღიარებული ქართველი მხატვრებისა, რომელთა შედევრების დათვალიერება აჭარის ხელოვნების მუზეუმში შეგიძლიათ. ხელოვნების ნიმუშია თავად მუზეუმის შენობა, რომელიც ბათუმის ისტორიული შენობებიდან ერთ-ერთია.

აჭარის ხელოვნების მუზეუმში ეწყობა პერსონალური, ჯგუფური და რეტროსპექტული გამოფენები, ასევე – მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები.

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მუზეუმია. ის 1908 წელს დაარსდა, როცა ქალაქის საბჭომ პუშკინის სახელობის სასწავლებელის პედაგოგების ინიციატივა მოიწონა და საბავშვო მუზეუმის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ხარიტონ ახვლედიანი მუზეუმს 1938-1989 წლებში ხელმძღვანელობდა.

ეს საინტერესო მუზეუმი დამთვალიერებელს სამ ადგილას ეპატიჟება: მემედ აბაშიძის სახლ-მუზეუმი – გამოჩენილი ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გასაცნობად; ილია ჭავჭავაძის მუზეუმში – ქართველი წმინდანისა და უდიდესი საზოგადო მოღვაწის პირადი ნივთების, დოკუმენტებისა და ფოტომასალის დასათვალიერებლად; სამეცნიერო ბიბლიოთეკაში – სადაც უძველესი წიგნების უმდიდრესი ფონდია წარმოდგენილი.

ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი

ეს მუზეუმი სწორედ იმ შენობაშია განთავსებული, სადაც თითქმის საუკუნის წინათ, ძმები ნობელების ნავთობსამრეწველო ამხანაგობა „ბათუმის კანტორა“ იყო. მუზეუმში დაცული 2 ათასამდე ექსპონატი ასახავს XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის პირველი ნახევრის იმ ტექნოლოგიურ მიღწევებს, რომელიც ბათუმში ძმები ნობელების, როტშილდებისა და მანთაშევის მეოხებით ინერგებოდა. ეს მიღწევები ძირითადად დაკავშირებული იყო ჩაისა და თამბაქოს კულტურების, ასევე პოლიგრაფიის განვითარებასთან. ძმები ნობელების მეშვეობით ბათუმში დაინერგა ასევე, ნავთობტრანზიტის ახალი ტექნოლოგიები

ილია ჭავჭავაძის მუზეუმი

კიდევ ერთი მუზეუმი, რომლის მონახულებაც ღირს, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შვილის, წმინდანად შერაცხული ილია ჭავჭავაძის მუზეუმია. მწერალი, პუბლიცისტი, ქველმოქმედი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი 1907 წელს საქართველოს თავისუფლების მოწინააღმდეგეთა შეკვეთით მოკლეს.

ილიას მუზეუმი ბათუმში 2001 წლიდან ფუნქციონირებს. აქ ინახება, როგორც ილია ჭავჭავაძის, ასევე მისი აჭარაში მოღვაწე თანამედროვეებისა და თანამოაზრეების ნივთები. მთლიანობაში, მუზეუმში 289 ექსპონატია დაცული, მათ შორის ილიას მაგიდა, კარადა, დიდი და პატარა სამოვარები, ილიას მეუღლის, ოლღა გურამიშვილის საკერავი მანქანა და ა.

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე

თანამედროვე ხელოვნების სივრცე თანამედროვე ბათუმის განუყოფელი ნაწილია. აქ იმართება მსოფლიოს წამყვანი რეჟისორების კინოჩვენებები და საუკეთესო ფოტოგრაფების

ფოტოგამოფენები, სხვადასხვა სახის ვორქშოფები და სემინარები. 2016 წელს სწორედ აქ გაიმართა პრინტის საერთაშორისო ფესტივალი “Life N Style”, რომელზეც ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგიები იქნა წარმოდგენილი.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

ბათუმის დრამატული თეატრის შენობა 1952 წელს გაიხსნა (არქიტექტორი ი. ტეპლიცკი) და 7 წლის მერე მას ილია ჭავჭავაძის სახელი მიანიჭეს, თუმცა, ბათუმში გამართული პირველი წარმოდგენა 1879 წლით თარიღდება. ზურაბ ანტონოვის კომედიაში „განა ბიძიამ ცოლი შეირთო?“ სცენისმოყვარეები მონაწილეობდნენ. ამის ინიციატორი ბათუმის პოლიცმაისტერის ცოლი ქეთევან ჟურული ყოფილა. საქართველოს სხვა თეატრების მსგავსად, პირველი დადგმები საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. თეატრალური ხელოვნებით გატაცებულნი შენობიდან შენობაში გადადიოდნენ და მაყურებელთა სიმცირეს მაინც არ უჩიოდნენ.

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი

2016 წლის 14 იანვრიდან რეკონსტრუირებულ შენობაში აგრძელებს შემოქმედებით პროცესს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი. მისი ერთი სართულითა და საზაფხულო სივრცით გაზრდილ ისტორიულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

სახელმწიფო თეატრი მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში, თანამშრომლობდა სხვადასხვა მხატვართან და კომპოზიტორთან, წლიდან წლამდე ამდიდრებდა რეპერტუარს და ვითარდებოდა.

ხულოს სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი

ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის ისტორია სათავეს იღებს 1925 წლიდან და უკავშირდება ქართველი კინორეჟისორის – სიკო დოლიძის სახელს, რადგანაც სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაიწყეს სცენისმოყვარეებმა ხულოში წარმოდგენების გამართვა. ამის შემდეგ ჩამოყალიბდა დრამატული წრე, უფრო მოგვიანებით – სახალხო თეატრი, რომელიც, ძირითადად, ქართული დრამატურგიით საზრდოობდა. სახელმწიფო დრამატული თეატრის სტატუსი მას 1992 წლიდან მიენიჭა. 2016 წელს, ხულოს თეატრმა გასტროლები გამართა ათენში (საბერძნეთი) და 2017 წლის ზაფხულში კი სპექტაკლი „ანტი-ანტიგონე“ რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოადგინა.

გმირთა მოედანი

ეს მოედანი თანამედროვე ბათუმის კიდევ ერთი გამოხატულებაა. აქ მდებარეობს იუსტიციის სახლი, რომელიც 2011 წლის 26 მაისს გაიხსნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. შენობის პროექტის ავტორია იტალიელი არქიტექტორი მიკელე დე ლუკკი. მოედნის შუაგულში ორიგინალური თანამედროვე სკულპტურა "როტაციაა" განთავსებული, რომლის ავტორი ბათუმის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული ქანდაკების "ნინო და ალის" შემქმნელი თამარ კვესიტაძეა. მოედნიდან სულ რამდენიმე ნაბიჯში ბათუმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის - ფრანგული მუსიკალური შადრევნის ხილვაა შესაძლებელი, რომელიც 2009 წელს არდაგანის ტბაში იქნა დამონტაჟებული. საღამოს შადრევანი თეატრალურ ფარდას ემსგავსება და მასში საუცხოო ლაზერ შოუ აისახება.

„მოცეკვავე“ შადრევნები.

ბათუმის ბულვარის ყველაზე დასამახსოვრებელ ღირშესანიშნაობად ითვლება „მოცეკვავე“ შადრევნები. „მოცეკვავე“ შადრევნები ბათუმის ბულვარში პირველად 1977 წელს გამოჩნდა. შადრევნების პროექტის ავტორი გახლდათ არქიტექტორი ერქომაიშვილი. ბულვარის შესასვლელიდან გაოცებულ მნახველებს თვალწინ გადაეშლება დაუვიწყარი სანახაობა. მზიან ამინდში შადრევნების თავზე ცისარტყელა თამაშობს და წყლის ნაკადები ცეკვავენ მუსიკის თანხლებით.

კოლონადები

ბათუმში კოლონადების აგების იდეა ადგილობრივ ექიმს ივანე მჭედლიძეს დაებადა. შესაბამისი პროექტი მან იტალიიდან, ქალაქ სორენტოდან ჩამოიტანა, სადაც 1933-1934 წლებში პროფესიული მივლინებით იმყოფებოდა. პროექტი ცნობილი ბათუმელი არქიტექტორის ბოგდან კირაკოსიანის ხელმძღვანელობით განხორციელდა. იგი ზღვის სანაპიროზე გასვლისას

კარიბჭის როლს ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ იმ დროს ზღვის ნაპირი დღევანდელთან შედარებით უფრო ახლოს იყო. შემდგომ, სანაპირო ზოლმა უკან დაიხია და ზღვა კოლონადებს საგრძნობლად დაშორდა. კოლონადები დღესაც ბათუმის სავიზიტო ბარათია. მსგავსი კონსტრუქციის კოლონადა, ასევე ამშვენებს ბათუმის 6 მაისის პარკსაც.

მედეას ქანდაკება

ევროპის მოედანზე დგას კოლხი მეფის ასულის, მედეას ქანდაკება. მისი ავტორი დავით ხმალაძეა. ქანდაკება ქვეყნის სიძლიერისა და სიმდიდრის სიმბოლოს წარმოადგენს. ანტიკური მითების მიხედვით, კოლხეთის ლეგენდარული მეფის, აიეტის უმცროსი ქალიშვილი არგონავტების წინამძღოლ იასონს გაუმიჯნურდა და საქართველოდან ოქროს საწმისის გატაცებაში დაეხმარა. მედეას, რომელიც სიღრმისეულად იცნობდა მცენარეების ბუნებას, მკურნალობის საოცარი ნიჭი ჰქონდა და, ლეგენდის მიხედვით, ადამიანის

გაახალგაზრდავებაც შეეძლო. ამის გამო, ძველი ხალხები მას ქალღმერთადაც მიიჩნევდნენ და ტაძრებს უგებდნენ. მედეას სახელიდან იღებს სათავეს ტერმინი „მედიცინა“.

თეგები: