სიახლეები - GoBatumi
5 გამორჩეული ტბა აჭარაში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

5 გამორჩეული ტბა აჭარაში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

შავი ზღვის სანაპიროებით დატკბობის შემდეგ, აჭარის მაღალმთიანეთში მოგზაურობა დაუვიწყარ მოგონებებს გთავაზობთ, ვინაიდან აქ ყოველ ნაბიჯზე მოულოდნელ სანახაობას წააწყდებით. მაგალითისთვის, დღეს მოგიყვებით იმ ხუთი გამორჩეული ტბის შესახებ, რომლებიც აჭარის მთების ალპურ ზონაში იმალება. ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ კი ისინი ბათუმში სტუმრობისას თქვენი  აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში საპატიო ადგილს დაიკავებს.

მწვანე ტბა

აჭარის ალპური ტბებიდან მწვანე ტბა ის გამორჩეული ადგილია, რომელსაც ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.  საინტერესოა რომ ტბა დღის განმავლობაში მართლაც მწვანე ფერისაა, საღამოს მოახლოებისას კი დღის ფერის და ამინდის ცვლილებასთან ერთად, მისი ფერიც იცვლება. მწვანე ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილიდან ჩრდილოეთით 6 კილომეტრში მდებარეობს. ტბასთან მისვლა შესაძლებელია, როგორც მაღალი გამავლობის ავტომობილით, ასევე საფეხმავალო გზით. ტბისკენ მიმავალ გზაზე, ადგილობრივების ყოფა-ცხოვრებისაც გაეცნობით,  შეხვდებით მემთეურებს (მსხვილფეხა რქოსანის გამოსაკვებად მთაში დროებით საცხოვრებლად წასულ ადამიანს), რომლებიც აუცილებლად გაგიმასპინძლდებიან ღუმელზე მომზადებული ყავით და ადგილობრივი რძის პროდუქტებით. ტბაზე ასევე, შესაძლებელია დაბანაკება ღამის გასათევად, პიკნიკი და ნავით გასეირნება. თუ გადაწყვიტეთ, რომ ტბის შემოგარენი დაათვალიეროთ, აუცილებლად გაისეირნეთ ირგვლივ მდებარე საბანელას და შავი ტბებისაკენ.

ტბის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდია: მაისი-ოქტომბერი

შუამთის ტბები

ყოველწლიურად კურორტ ბეშუმს ათასობით ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს, თუმცა ვიზიტორების უმეტესობისამ არ იცის, რომ ბეშუმიდან 1 საათის საფეხმავლო და ნახევარი საათის სამანქანე გზაზე, შუამთის საზაფხულო საძოვრებზე, 3 ულამაზესი, სიმწვანეში ჩაფლული ტბა მდებარეობს. საზაფხულო საძოვრიდან ხიხანის ციხესა და მის შემოგარენზე ულამაზესი ხედები იშლება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ტბებზე გადაიღეს საქართველოდან ოსკარზე წარდგენილი ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“. ჯამში შუამთის იაილებში 5 ტბაა, რომელთაგან სამი მოზრდილია, ხოლო 2 შედარებით პატარაა. შუამთის ტბები, თავისი ავთენტური გარემოდან გამომდინარე, დიდ ინტერესს იწვევს მოლაშქრეებში, ფოტოგრაფებსა და ჯიპ-ტურის მოყვარულებში. ხშირად ტბებზე ღრუბლების მასა ჩამოწვება ხოლმე, რაც გასაოცარ და ერთგვარ მისტიურ გარემოსაც კი ქმნის.

ტბების მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდია: ივნისი-სექტემბერი

ტბიყელის ტბა

ხალხური გადმოცემის თანახმად, კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე მდებარე ტბას, რომელსაც ტბიყელი ეწოდება, ადრე ზღვის მოსაწყვეტელს ეძახდნენ. აქედან შავი ზღვის სანაპირო კარგად ჩანს და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს სახელიც სწორედ ამიტომაც შეარქვეს წინაპრებმა. თუ დააკვირდებით ტბას გულის ფორმა აქვს, რაც სანახაობას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

ტბიყელის ტბას ერთი საინტერესო ლეგენდაც უკავშირდება. როგორც ამბობენ, ტბაში ერთი ცხოველი ბინადრობდა, რომელიც ყოველდღე ტბიდან ამოდიოდა და საღამომდე მინდორზე ხარს  ეჭიდებოდა. ხარი  საძოვრიდან ყოველდღე დაღლილი ბრუნდებოდა, რამაც დააინტერესა მისი ხინოელი პატრონი გოლა დედე მახარაძე და ერთხელ სხვა სოფლელებთან ერთად უკან გაჰყვა. როცა დაინახა რაც ხდებოდა, მის ხარს რქებზე მახვილი გაუკეთა. ამის შემდეგ ცხოველი აღარ გამოჩენილა. ხალხმა  ტბის ამოშრობა და ცხოველის ნახვა გადაწყვიტა, თუმცა ყოველი მცდელობისას კოკისპირული წვიმდა მოდიოდა. ბოლოს ადგილობრივებს ეს ღვთიურ წყრომად მიუჩნევიათ და სამუშაოებიც შეუჩერებიათ.

ეს ტბა გამორჩეულია იმითაც, რომ აქ ბინადრობს წითელ ნუსხაში შეყვანილი კუდიანი ამფიბიის წარმომადგენელი კავკასიური ტრიტორნი. ტრიტონის მოსანახულებლად შესაძლებელია საფეხმავლო და საცხენოსნო ტურისტული, ტბიყელის ტბის მარშუტის გამოყენება, რომლის მთლიანი სიგრძე 14 კილომეტრია და  ხინოწმინდადან იწყება. დაცული ტერიტორიების სწორედ ამ მარშუტზეა ზღაპრულ ღრუბლების თავზე ამაყად მდგომი ტურისტული თავშესაფარი, რომლიდანაც მთლიანად აჭარა-გურიის მთათა სისტემებზე ულამაზესი ხედები იშლება.


ლელთის ტბა

თუ უქმეებზე ოჯახთან ერთად ავტომობილით ბუნებაში საპიკნიკედ გასვლა გადაწყვიტეთ, ამავდროულად კი გსურთ შემოდგომის ხედებით დატკბეთ, აუცილებლად ეწვიეთ ჭვანას ხეობას. ამ დროს შერეულფოთლებიან ტყეებში ნამდვილი შემოდგომა სუფევს. სწორედ ამ ხეობაში, სოფელ ნაღვარევში მდებარეობს ლელთის ტბა, რომელიც შემოდგომისას თვალწარმტაცად გამოიყურება და საოცარ კონტრასტს ქმნის მოთოვლილი მთების ფონზე. ამავე ტბაში ბინადრობს კავკასიური ტრიტონი. აქამდე ცნობილი იყო რომ სალამანდრისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი აჭარაში მხოლოდ კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე, ტბიყელის ტბაში ბინადრობდა. ტბაზე შესაძლებელია ტივით გასეირნება და პიკნიკი. სანამ ტბას ეწვევით, აუცილებლად გაისეირნეთ ხაბელაშვილების ხის ხიდზე, რომელიც ერთადერთი გადახურული ხიდია აჭარაში და სამ საუკუნეს ითვლის. ხაბელაშვილების ხიდიდან  ადვილად გაიკვლევთ გზას წისქვილების სოფლამდეც, სადაც დღემდე ფუნქიონირებს რამოდენიმე წყლის ბორბალზე მოქმედი სოფლის წისქვილი.

ტბის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდია: მაისი-ოქტომბერი

ყარაგოლის ტბა

ყარაგოლის (შავი) ტბა 2 ტბისგან შედგება და ის სარი-ჩაირის საზაფხულო საძოვრების მიმდებარედ, ხულოს მუნიციპალიტეტის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2100-2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტბები პანორამულად იშლება ბაკი-ბაკოს და სარი-ჩაირის იალების ფონზე, სადაც ნისლი ხშირად ჩამოწვება ხოლმე. ყარაგოლის ტბები თავისი რელიეფიდან და კლიმატიდან გამომდინარე ნისლით ისეთ კამუფლაჟს იკეთებს, რომ თუ ტბის ლოკაციები წინასწარ არ გაქვთ მონიშნული, ტბასთან ახლოსაც რომ იყოთ, ცუდი ხილვადობის პირობებში მისი თვალით შემჩნევა გაგიჭირდებათ. ეს დრო განსაკუთრებულია საღამოობით და ტბას უფრო შთამბეჭდავ იერსახეს აძლევს. ტბასთან მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით სოფელ ბაკი-ბაკოდან და ასევე შუახევის მხრიდან - ჩირუხი-ბაკი-ბაკოს დამაკავშირებელი სამხედრო გზით.

ტბის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდია: ივნისი- სექტემბერი

თეგები: